მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი - ხალხის ნება თუ იქნება, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აიკრძალება

ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ ამ ადამიანებს თანხა გადაუხადონ.

„ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი ბრალიც არის, ჩემიც და იმ ჩინოვნიკებისაც, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს უხდის. ეს არის ჩვენი შექმნილი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება და კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ადამიანებს თანხა გადავუხადოთ. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ეს არის მათი აღურიცხავი შემოსავალი. ხალხის ნება თუ იქნება, ესეც აიკრძალება“, - განუცხადა მამუკა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია პარკირების მოსაწესრიგებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, მერია გეგმავს ძველ თბილისსა და საბურთალოს რაიონში პარკირების საათობრივი საფასური დააწესოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, საათობრივი პარკირება პირველ ეტაპზე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. საბურთალოს რაიონში კი, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე. მისივე ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასური 20 თეთრიდან დაიწყება, თუმცა, ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. მუმლაძის თქმით, პარკირების საათობრივი საფასური ზემოთაღნიშნულ ქუჩებზე მაცხოვრებლებს არ შეეხებათ და მათთვის პარკირება წელიწადში 50 ლარი, ხოლო 6 თვეში 25 ლარი იქნება.