კოლაფსი ავტობაზარზე – დილერები მანქანებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან

”რუსთავის ავტობაზრობაზე რაც ხდება, წარმოსადგენადაც კი ძნელია”

მალე ავტოდილერებს მუშაობა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის მოუწევთ. იმპორტიორების განმარტებით, ეს მათი საქმიანობის დასასრულს ნიშნავს, რადგან შიდა ბაზარზე ავტომობილების მთლიანი რეალიზაციის მხოლოდ 10 პროცენტი მოდის და ასეთ ვიწრო სეგმენტზე გათვლა ბიზნესს პირწმინდად დააზარალებს.

ჭარბი რაოდენობის გამო, ქართულ ბაზარზე ავტომობილების რეალიზაცია ისედაც ჭირს, ხოლო საექსპორტო არეალი უფრო და უფრო ვიწროვდება. მოთხოვნის შემცირება ავტომობილების საიმპორტო მაჩვენებელზეც ცუდად აისახა.

ბოლო ერთ წელიწადში ავტომობილების იმპორტი 10%-ით შემცირებულია. დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც. ოფიციალური სტატისტიკით, ავტომობილების იმპორტმა 1 წელში 21,6 მილიონი დოლარით იკლო. კერძოდ, 5 თვეში ქვეყანაში 262 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ანუ 21,6 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2013 წლის იანვარ-მაისში.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, ავტოექსპერტი შალვა ოგბაიძე განმარტავს რამდენიმე ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შემცირდა.

მისი აზრით, ცვლილება, პირველ რიგში, სეზონმა განაპირობა. ამასთან, ავტომობილების იმპორტზე ირიბი გავლენა მოახდინა რეექსპორტის შეზღუდვამ აზერბაიჯანში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 2004 წელზე ადრე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანას კრძალავს. ოგბაიძის განმარტებით, ქართული ბაზარი აზერბაიჯანში გასაგზავნი ავტომანქანებით გადაჯერებულია, რამაც დილერებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

”საქართველოში ავტომანქანების გაყიდვის 80% სახელმწიფო შესყიდვაზე მოდიოდა. არჩევნების წინ და ახლაც ხელისუფლება სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის კომფორტის შეზღუდვის გზას დაადგა და ამ მიდგომამ ახალი ავტომანქანების რეალიზაციის შემცირებაზე გავლენა მოახდინა. ამასთან, საქართველოში ”გაჯერების ზღვარია” - ვისაც ავტომანქანის შეძენა სურდა, უკვე ნაყიდი აქვს, ვისაც ჯერ კიდევ სურს – არ ჩქარობს. ამ ყველაფერმა იმპორტზე უარყოფითად იმოქმედა.

უარყოფით პროცესებზე გარკვეული გავლენა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებამაც მოახდინა. ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება, მან უნდა წაახალისოს ქვეყანაში ახალი ავტომანქანების შემოყვანა, რომ საქართველო მეორადი მანქანების ჭარბი რაოდენობით ”ელიავას ბაზრობად” არ გადაიქცეს. მისი ჩარევა უნდა იყოს არა დრაკონული, არამედ ფრთხილი, რომ ავტოიმპორტიორები არ დაზარალდნენ. ჩემი აზრით, ადგილობრივი ბაზრიდან აზერბაიჯანში გასაყიდი ავტომანქანების გაწოვის შემდეგ, ქართული საავტომობილო ბაზრის პარამეტრები რაღაც ნიშნულს დაუბრუნდება”, - განმარტავს შალვა ოგბაიძე.

საქართველოში იმპორტი, ძირითადად, ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპული ქვეყნებიდან ხორციელდება. ამ მხრივ დილერებს შეზღუდვა არ აქვთ, თუმცა, ავტომბილების შემდგომი რეალიზაციის მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან. ყაზახეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი დიდი ხანია შეწყდა. გარკვეულწილად იგივე მოხდა აზერბაიჯანშიც ახალი სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ქართული ავტობაზარი კარგავს სომხეთსაც. საბაჟო კავშირში გაწევრიანების გამო, რეექსპორტი ამ მიმართულებითაც შეწყდება.

ავტოიმპორტიორებს მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი შერჩათ, რაც წარმოუდგენლად პატარაა ამდენი ბიზნეს სუბიექტისთვის.

კომპანია ”რობანი მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ავტოიმპორტიორებს ავტომანქანების გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად უწევთ. მისი თქმით, მოთხოვნა-მოწოდების ბალანსი უხეშად დაირღვა და უკვე შეკვეთების მიღების შესაძლებლობაც არ აქვთ.

”საქართველოს ავტომობილების ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია. 2013 წლის ბოლოდან, ფაქტობრივად, გაჩერებულები ვართ. უკვე შეკვეთებსაც ვერ ვიღებთ, მომხმარებლებს ვაკვალიანებთ და თვითონ ყიდულობენ, ანუ მათ მიეცათ საშუალება, ნებით თუ უნებლიეთ, სასურველი მანქანა თვითონ იყიდონ. ბუნებრივია, რატომ გადაიხდიან მეტს, როცა შეუძლიათ იყიდონ იმ ფასად, რამდენადაც დილერს ჩამოჰყავს?

რუსთავის ავტობაზრობაზე რაც ხდება, წარმოსადგენადაც კი ძნელია. დილერები ავტომანქანებს უკვე თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან. როცა ადამიანს ბაზრობის დავალიანება 1500 ლარამდე აქვს და სამ თვეში სამი ამდენი დაუგროვდება, რა თქმა უნდა, იძულებულია, ავტომანქანა მინიმალურ ფასად გაყიდოს. მოწოდება აჭარბებს რეალიზაციას, ამ მხრივ მკვეთრი დისბალანსია”, - განმარტავს ჯამაგიძე.

იგი კატეგორიულად ემიჯნება მოსზარებას, რომ ავტოდილერებს ორიენტირება ადგილობრივ მომხმარებელზე მოუწევთ.

”საქართველოში მცხოვრები 3 მილიონი მოქალაქიდან შეიძლება მსყიდველობითი უნარი ჰქონდეს 1 მილიონს. აქედან უმეტესობას სასურველი მანქანა უკვე ჰყავს. გამოდის, რომ 3-4 თვეში მთელი ქვეყნის მოთხოვნილება დაკმაყოფილდება და დანარჩენ პერიოდში მუშაობა მინუსებში მოგვიწევს. თანაც, ქართველ მომხმარებელს ბაზრის 10% უჭირავს. ამ რაოდენობის მყიდველზე ორიენტირება წარმოუდგენელია.

ამას წინათ რუსთავის ბაზრობის დირექტორმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანთან და თითქოს სექტემბრიდან მდგომარეობა გამოსწორდება, რაც არის ფარსი. აზერბაიჯანი ახალ სტანდარტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის იმის გამო, რომ ქართველი ავტოდილერები დაზარალდნენ. რეალურად არაფერი შეიცვლება, სანამ არ მოხდება საქართველოს შიდა პარკის გადახალისება, რაც ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ახლო მომავალში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებები არ იკვეთება”, - დასძენს ელგუჯა ჯამაგიძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”