თუ ტექნიკური ინსპექტირების გამოწვევებზე სათანადო პასუხი არ გვექნება, ძალიან დიდი რისკია, რომ რეფორმა მომავალ წელს ჩაგვივარდეს, რაც კრახი იქნება,- ამის შესახებ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც დღეს მიმდინარეობს, სერიოზულ საფრთხეშია.
„მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტექნიკური ინსპექტირება, რომელზეც გუშინ პრემიერის მხირდან არც ერთი სიტყვა ნახსენები არ ყოფილა. ჩვენ „მწვანე პოლიტიკაში“ ვგულისხმობთ ტრანსპორტის გაჯანსაღებას, ზოგადი კონცეფცია ეს არის. დღეს ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია და ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც დღეს მიმდინარეობს, სერიოზული რისკის და საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ ბოლოდროინდელი ინფორმაციითაც ვიცით, რომ გარკვეული დარღვევების აღმოჩენის შედეგად დიდი კითხვის ნიშნებია - როგორ მიმდინარეობს პროცესი, თუ როგორ იქნება მომავალი წლიდან ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის განხორციელებული და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაც მნიშვნელოვანია. როდესაც პრემიერი საუბრობს 2000 ელექტროავტომობილის შემოყვანზე, უბრალოდ, რაც ჩვენ დღეს გვაქვს და რაც შეიძლება იყოს ჰაერის გაჯანსაღების და ავტოტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით, ამაზე გვინდა მოვისმინოთ განცხადებები - როგორ განვახორციელოთ რეფორმა ეფექტიანად. თუ ჩვენ ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩაგვივარდა, სათანადოდ ვერ განხორციელდა და ეს იქნა ფასადური, ეს თუნდაც „მწვანე პოლიტიკის“ დიდი კრახი იქნება. ამიტომ ვისურვებდი, შემდეგი ნაბიჯები გაცხადებული იყოს. კითხვები რაც არსებობს, უნდა გავაქარწყლოთ და ხელისუფლების მხრიდან მოვისმინოთ, ტექნიკური ინსტექტირების სათანადოდ გავლისთვის რა ნაბიჯებს გეგმავს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ტექდათვალიერების ადმინისტრირება ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ინსპექტირების ადმინისტრირება შესაძლებელია ქუჩაშიც მოხდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, თუმცა ამას ფინანსური რესურსი სჭირდება. თუ პრემიერი მზად იქნება იმისთვის, რომ კონტროლის ქვეშ აიყვანოს ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ამისთვის ბიუჯეტი გამოიძებნება, რომ ტექინსპექტირება სათანადოდ განხორციელდეს. ამას მხოლოდ საპატრულო პოლიცია ვერ განახორციელებს. სხვა ტექნიკური საშუალებებიც უნდა ჩავრთოთ, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, სხვა შემთხვევაში რეფორმა ჩაგვივარდება. დღეს ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რეფორმა უკვე ჩავარდა, კიდევ გვაქვს შანსი, რომ ხარვეზები, რომელიც გვაქვს გამოვასწოროთ. თუმცა, გამოწვევებზე თუ სათანადო პასუხი არ გვექნება, ძალიან დიდი რისკია, რომ რეფორმა მომავალ წელს ჩაგვივარდეს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.