„უნდა მოვიფიქროთ, რა ვუყოთ ავტოპარკის 45%-ს, რომელიც 20 წელს გადაცილებულია - უტილიზაციის პროგრამები უნდა განხორციელდეს"

უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა ვუყოთ მთლიანი ავტოპარკის 45%-ს, რომელიც 20 წელს გადაცილებულია, - ამის შესახებ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს.

ლალიაშვილი ხელისუფლებას ერთ-ერთ ვარიანტად ძველი ავტომობილების უტილიზაციისთვის სუბსიდირებას სთავაზობს.

„შესაძლოა რაღაც სუბსიდიები იყოს. მძღოლებს, რომლებსაც ძველი მანქანები ჰყავთ გარკვეული წახალისება ჰქონდეთ, რომ ეს ავტომობილი მოიშორონ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძველი ავტომობილი ჩააბარეს ან საფასური მიიღეს, ან შეცვალეს ახლით. თუ ეს გეგმა იქნება სწორად გააზრებული და საზოგადოებისთვის შეთავაზებული, უტილიზაციის საკითხებზეც შეგვეძლება წარმატებით ვისაუბროთ. ფაქტია, რომ უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა ვუყოთ მთლიანი ავტოპარკის 45%-ს, რომელიც 20 წელს გადაცილებულია. პრემიერის შეთავზება ე.წ. Car Sharing-ის (საზიარო ავტომობილები) შესახებ კი, უფრო ზეგინდელი დღეა, ვიდრე ხვალინდელი, რადგან ამასაც თავისებური მზაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტს არსებობა სჭირდება“, - განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოში რეგისტრირებული 1 მილიონ 200 ათასი ავტომობილიდან 95% 10 წელს გადაცილებულია.

ლალიაშვილის თქმით, როდესაც ელექტროავტომობილებზე განულდა განბაჟების გადასახადი და ჰიბრიდულ ავტომობილებზე განახევრდა, პრაქტიკულად გაოთხმაგდა ჰიბრიდულთა რაოდენობა, იმპორტი და ძალიან გაიზარდა ელექტროავტომობილების რიცხვი. აქედან გამომდინარე, ლალიაშვილს მიაჩნია, რომ მწვანე პოლიტიკა მსგავსი ჩარევების გარეშე წარმოუდგენელია.

„ასეთი თუნდაც მცირე ჩარევები ხელს შეუწყობს ავტოპარკის გაახალგაზრდავებას. ეს კანონები უნდა მივიღოთ რაც შეიძლება სწრაფად. მწვანე პოლიტიკა წარმოუდგენელია მსგავსი ჩარევების გარეშე. ასევე იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ძველი ავტოპარკი, რომელიც დღეს გვყავს და მძღოლს უნდა მოიშოროს ეს ჯართი, ამის საშუალება უნდა მივცეთ. სახელმწიფო და კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს და უტილიზაციის პროგრამები უნდა განხორციელდეს. ვხედავთ, რომ ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ რაც ძველი გვაქვს, ის უნდა მოვიცილოთ“, - განაცხადა ლალიაშვილმა.