შპს "იბერია სითის" დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანა შპს "იბერია სითის" დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გოგიბერიძე მის კუთვნილებაში მყოფი სამშენებლო კომპანიის, შპს "იბერია სითის" სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რის საფუძველზეც იგი ვალდებულებას იღებდა, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ა" და "ბ" კორპუსს, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს.

ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე გაასხვისა.

აღნიშნული გზით გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და 2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას 1 626 291 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა, რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა.

ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე გრძელდება ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და გ. გოგიბერიძის მიერ აშენებულ სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით.