საშემოდგომო რგვის ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაახლოებით, 12 ათასი ხე-მცენარე დაირგვება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს სააკაძის მოედანზე განუცხადა, სადაც მცენარეების დარგვის პროცესში მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა თავადაც მიიღო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის მასშტაბით ბეტონის გზაგამყოფების ნაცვლად გამწვანებული სივრცეები გაჩნდება.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ საშემოდგომო რგვის ფარგლებში დაახლოებით 12 ათასი ხე-მცენარე არის ჩამოსული, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაირგვება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს, სააკაძის მოედანს რაც შეეხება, აქ მთლიანად გზის გამყოფი იყო ბეტონის და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის მაშტაბით, სადაც შესაძლებელია, ასეთი მწვანე სივრცეები მოვაწყოთ ბეტონის ნაცვლად. დღეს სიმბოლურად განვახორციელეთ დარგვითი სამუშაოები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული და მადლობა მათ თანადგომისთვის. თუმცა, ეს უნდა გადაედოს ქალაქის მოსახლეობას. ყველაზე მეტად რაც სჭირდება დღეს ქალაქს, არის მწვანე სივრცეები. თბილისის მერია მზად არის იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეცვალოს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფებზე გამწვანების სამუშაოები ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 2000 კვადრატული მეტრია, 4 სახეობის, 200 ძირი მერქნიანი მცენარე (ფოტინია, წყავი, ბზა, კედარი) დაირგვება. ასევე, დაიგება ბალახი. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე 12 000-ზე მეტი მერქნიანი მცენარე დაირგვება თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, გზაგამყოფ კუნძულებზე, სკვერებში და ბაღებში.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ნერგების ნუსხა, თბილისის ლანდშაფტის გათვალისწინებით, სპეციალისტების მიერ შეირჩა. ნუსხაში წარმოდგენილია დეკორატიული ბუჩქები და დიდი ზომის მერქნიანი მცენარეები.
როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ახალი მიდგომაა, რომ ქალაქში არსებული გზაგამყოფები, რომლებიც ძირითადად, ბეტონის იყო, გამწვანებით შეიცვალოს.