გიორგი კვირიკაშვილი SIDA-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შვედეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ, შარლოტა პეტრი გურნიცკასთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში სააგენტოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აგრეთვე, მხარეებმა იმ რეფორმებზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით მომავალშიც გეგმავს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია სწორედ ევროკავშირის კონტექსტში.

შვედეთის სააგენტო საქართველოსთან 1996 წლიდან საქმიანობს და ამ ხნის მანძილზე, მან 140 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი განახორციელა, მათ შორის როგორც ინსტიტუციური, ისე კერძო სექტორის მიმართულებით.