თიბისი ბანკმა FMO-სთან (ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია) 103 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, რომლებიც მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების უზრუნველყოფას იპოთეკური სესხებით. FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით მოხდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თიბისი ბანკისა“ და FMO–ს გენერალურმა დირექტორებმა ისაუბრეს.
„გვეამაყება, წარმატებული ურთიერთობის დამყარება FMO -სთან, თიბისი ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან. ჩვენს ურთიერთობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ 12 წლის განმავლობაში FMO-მ 350 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა მცირე და საშუალო ბიზნესები ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული და სუბორდინირებული სესხის სახით“- აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში მთლიანი ფინანსური სექტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ ისეთი სესხები, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადია კლიენტების მხრიდან. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს თიბისი ბანკის პოზიციის გაძლიერებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ტრანზაქცია მეტყველებს ორივე ინსტიტუტის მზაობაზე, განაგრძონ თანამშრომლობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ.
„FMO-ს ეამაყება, რომ აგრძელებს გრძელვადიან და წარმატებულ ურთიერთობებს თიბისი ბანკთან საქართველოში. ეს ახალი ტრანზაქცია თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და ხელი შეუწყოს ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით, ახალბედა მეწარმეების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური მომსახურებები. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული.
ქრისტინე გამთენაძე
R