1-ლი ნოემბრიდან საბანკო სესხებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება.
ერთ-ერთი ცვლილება თავდებობასაც შეეხება. კერძოდ, სესხის გაცემისას 1-ლი ნოემბრიდან თავდები პირის შემოსავლების შემოწმებაც სავალდებულო გახდება.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იყო შემთხვევები, როდესაც თავდებმა პირებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ კარგი ფინანსური მდგომარეობა, არ იცოდნენ, თუ რა პასუხისმგებლობას იღებდნენ თავდებობით და ქონებაც დაუკარგავთ.
ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, რომ თავდებობის შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დახვეწაც მოხდება.
"ვფიქრობთ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესშიც უფრო ნათლად გამოიკვეთოს - ზოგადად, რას ნიშნავს თავდები და აეხსნას პირს თუ რა ვალდებულება აქვს მას. ამ მიმართულებითაც სამუშაო პროცესი მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან,"-აღნიშნა გვენეტაძემ.
ამასთან, შეგახსენებთ იმასაც, რომ 1-ლი ნოემბრიდან პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. ასევე თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებთ.. გარდა ამისა იცვლება სესხის გაცემის ვადებიც. კერძოდ, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.