„ეკონომიკური ზრდა 5% იქნება თუ 7%, ეს რეალურ სურათს არ ცვლის, ჩვენ მაინც მოჩანჩალე მდგომარეობაში ვართ“, - ასე პასუხობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში ეკონომიკის ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციაზეა.
ეკონომისტი ამბობს, რომ ლიდერის პოზიციამდე და მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მშპ-ს ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება.
„ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში. მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნლისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
არადა, საქართველო რეგიონში, უფრო ზუსტად, სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით ლიდერი ქვეყანა ნამდვილად არ არის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთან შედარებით ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს სომხეთს - 2018 წლის 6 თვის მონაცემებით მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა 9,6%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე არის საქართველო - 5,7%, მესამეზე თურქეთი - 5,2%.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და რუსეთს, 2018 წლის 6 თვეში ამ ქვეყნებში ეკონომიკა შესაბამისად 1,3-1,6%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნებში ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი ერთის მხრივ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გახდა, მეორეს მხრივ კი მსოფლიოში ნავთობზე არსებული დაბალი ფასები, რომელიც წლის პირველ ნახევარში იყო.
სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველო მშპ-ს ზრდის მიხედვით ლიდერი ქვეყანა არა, მაგრამ ერთ-ერთი მოწინავე კი არის. არჩვაძის თქმით, სომხეთში ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებას უკავშირდება. რუსეთის დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი ნავთობზე დაბალი ფასები და ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციებია.
აზერბაიჯანის შემთხვევაში ასეთი სიტუაციაა - იქ მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანის დაბალი ეკონომიკური ზრდა მაინც ისეთი მასშტაბურია, რომელიც ჩვენს შედარებით უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას გარკვეულწილად აკომპენსირებს.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, 6 თვეში 5,7%-იანი ზრდა დაბალი მაჩვენებელია. სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით უკეთესი სიტუაცია კი გვექნება, მაგრამ ეკონომიკური ზრდა 5% იქნება თუ 7%, ეს რეალურ სურათს არ ცვლის, ჩვენ მაინც მოჩანჩალე მდგომარეობაში ვართ და გვინდა ორნიშნა, ან ორნიშნა მაჩვენებელთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სოსო არჩვაძემ.