გენერალური გეგმის პროექტით გათვალისწინებული 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ წამოადგინა შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
„შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ის პირობები, რაც გენერალური გეგმის პროექტით არის დადგენილი, კერძოდ, 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმების შემუშავება, აუცილებლად შესრულდება. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო უფრო ადრე, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდებოდა. ჩვენ ამით დრო მოვიგეთ. გენერალური გეგმა სავარაუდოდ, ნოემბერში დამტკიცდება, მანამდე კი მერია უზრუნველყოფს ყველა პროცედურას იმისთვის, რომ ჩარჩო-გეგმები 11 პრობლემური ადგილისთვის შემუშავდეს".
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა უკან გაიხმო. მერიის მოთხოვნის მიხედვით, ამ წინადადების განხილვის საბოლოო თარიღი 25 ოქტომბერი; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 100 000 ლარი იყო.