84 მლნ ლარზე მეტი დავალიანების მქონე „გლობალ TV “-ი გაკოტრებულად გამოცხადდა და რეესტრში რეგისტრაცია გაუუქმდა

სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ („გლობალ TV “) გაკოტრებულად გამოცხადდა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია გაუუქმდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო.

როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, კომპანიას 84 370 902 ლარის ოდენობის დავალიანება აქვს და ქონება არ გააჩნია.

„2018 წლის 21 აგვისტოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა მაკა თოდუამ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ აქვს 84 370 902 ლარის ოდენობის დავალიანება და საწარმოს არ გააჩნია ქონება. სსიპ ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 06 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის. თუ ამ ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში,“- აღნიშნულია განჩინებაში.

განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან „გლობალ ტვ“-ის მომხმარებლებს კომპანია „სილქნეტი“ ემსახურება. კომპანია „სილქნეტის“ მიერ „გლობალ TV“-ის შეძენასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა. შეძენილ აქტივებს კი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს.