ანაკლიაში ზღვის ფსკერიდან რეკორდული რაოდენობის ქვიშა ამოიტუმბა

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 3 მილიონ 440,000 კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა.

ეს პორტის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 80 პროცენტია, რომელიც მასშტაბური სამუშაოების დაწყებიდან 1 თვეში განხორციელდა. მთლიანობაში, „ათენა“ პორტის საზღვაო აკვატორიაში 5 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშას ამოიღებს. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესაფასებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და „ვან ოორდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რეგიონული დირექტორი პოლ ვეჰოლი ანაკლიაში ჩავიდნენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გვქონდა. „ვან ოორდი“ ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორცილებს ანაკლიის პროექტში, როგორც პირველი მშენებელი და კონტრაქტორი, ასევე როგორც ინვესტორი. ჩვენ უკვე ამოვიღეთ დაახლოებით 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა და ეს რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 344 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და „ათენას“ მუშაობის დასრულება ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. რის შემდეგაც გადავალთ მეორე ეტაპზე, რაც უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

„საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი წარმატებით სრულდება. ჩვენს კომპანიას არაერთი მასშტაბური პროექტი განუხორციელებია, მაგრამ მნიშვნელობით ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულია და მიხარია, რომ ჩემს კომპანიას მის მშენებლობაში თავისი წვლილი შეაქვს,“ - აღნიშნა „ვან ოორდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა პოლ ვეჰოლმა.

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი. დამონტაჟებული 243,651 დრენაჟის ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს. აღნიშნული მოწყობილობა პორტის ტერიტორიაზე გადმოტანილი დიდი რაოდენობით ქვიშის ავტომატურ რეჟიმში წყლისგან გასაფილტრად გამოიყენება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

(R)