გერმანიას 2021 წლიდან ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანის 15 მილიარდი ევროთი გაზრდა მოუწევს.
ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ევროკავშირს ბრიტანეთი დატოვებს. თანხის გაზრდა ბიუჯეტში დანაკლისის აღმოფხვრით არის განპირობებული. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მზაობა გერმანიის მმართველ პარტიებში უკვე არსებობს. როგორც გამოცემა წერს, მანამდე ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში გიუნტერ ეტინგერი აცხადებდა, რომ 2021-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტში გერმანიის შენატანი 12 მილიარდით გაიზრდებოდა, ახლა კი საუბარია 15 მილიარდ ევროზე. საერთო ჯამში კი გერმანიას შვიდ წელიწადში 45 მილიარდის შეტანა მოუწევს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ბიუჯეტის დაგეგმარება შვიდწლიან საბიუჯეტო პერიოდზეა გათვლილი. მიმდინარე პერიოდი მოიცავს 2014-2020 წლებს, შემდეგი პერიოდი კი დაიწყება 2021 წელს.
კოკა კვირკველია