საქართველოს ტურიზმის შესახებ კიევში პრეზენტაცია გაიმართა

კიევში, სასტუმრო "Fairmont Grand Hotel Kyiv"-ში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.  პრეზენტაციას უკრაინის წამყვანი ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ავიაკომპანია Wizz Air-ის, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა და ავიაკომანია Yan Air-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სულ 200 სტუმარი იმყოფებოდა.

1 ივლისიდან კომპანია Yan Air კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გიორგი სიგუამ სტუმრებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ.

ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს შესახებ ბროშურები და რუკები დაურიგდათ. 2014 წლის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, უკრაინაში დაგეგმილია სხავადასხვა სარეკლამო აქტივობების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციასა და საკურორტო რეგიონების ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული სარეკლამო კამპანია მოიცავს სატელევიზიო, ინტერნეტ და გარე რეკლამას, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში: კიევი, ხარკოვი, ოდესა, დონეცკი, ლვოვი.