2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 4631 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც 79,7% კომერციულ ბანკებზე მოდის და მხოლოდ 20%-ია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობით უკმაყოფილო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წელს 8 თვეში ბანკების მიმართ 3 691 საჩივარი შევიდა, რაც 52%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ბანკებზე 2 426 საჩივარი დაიწერა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2018 წლის აგვისტოს, სტატისტიკის მიხედვით ამ თვეს 540 პრეტენზია დაფიქსირდა.
2018 წლის აგვისტოს პრეტენზიების სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 204 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 70 განაცხადი
3) მომენტალური განვადება – 35 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიები. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 940 პრეტენზია დაფიქსირდა. მხოლოდ აგვისტოში კი 109 საჩივარი შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 95 საჩივარი სამომხმარებლო სესხზე დაფიქსირდა, 4 - მომენტალურ განვადებაზე.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.