თბილისის საერთო ფართობის 14.5%-ზე სამშენებლო განვითარება შეზღუდულია.
აღნიშნულის შესახებ, დედაქალაქის 11 პრობლემური არეალის განვითარებისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამოცხადებულ გამარტივებული წესით შესყიდვაში იყო აღნიშნული.
კერძოდ, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება: ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოჯორი-შინდისის მიმდებარედ, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მ/რ სამხრეთ ტერიტორიაზე, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე - ხილიანის ქუჩების მიმდებარე და ორთაჭალის ბაღების ტერიტორიაზე.
სამშენებლო განვითარების შეზღუდვა 7 304 ჰა-ზე და დაახლოებით, 33 456 რეგისტრირებულ ნაკვეთზე ვრცელდება.
„ჩარჩო გეგმის არეალებში საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებამდე შეზღუდულია სამშენებლო განვითარება. შეზღუდვა 7304 ჰა-ზე (დედაქალაქის საერთო ფართობის 14.5%) და დაახლოებით 33456 რეგისტრირებულ ნაკვეთზე ვრცელდება.
ტერიტორიებზე დამტკიცებულია მსხვილმასშტაბიანი პროექტები, მათ შორის 21 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება და 21 განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელთა განვითარება ასევე შეზღუდულია.
ჩარჩო გეგმების არეალები სამშენებლოდ აქტიურ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც 33 000-ზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ათეული მსხვილმასშტაბიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტი ფიქსირდება,“-აღნიშნული იყო შესყიდვაში.