საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი ხაზით 230 000 ადამიანი ისარგებლებს.
როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის „მწვანე პოლიტიკის“ უმთავრესი პრიორიტეტი.
გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა ელექტრომობილების შემოყვანასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან გამკლავებას და ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად განამტკიცებს ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას.
„ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ არის ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვანხორციელებთ ექსპორტს. იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე. ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას, ამასთანავე, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, რადგან ამ პროექტით შემცირდება სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე. მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი, იმ ეკონომიის ხარჯზე, რაც ექნება საწვავის ხარჯიდან გამომდინარე, გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, 5 წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს“, - განაცხადა პრემიერმა.