საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, ეს არის ქართველი და თურქი ბიზნესმენების ტრადიციული ფორუმი.

"ფორუმის მიზანია გააქტიურდნენ არა მხოლოდ თურქი, არამედ სხვა ბიზნესმენებიც", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნეს კლიმატი შეიცვალა და საქართველოს მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული სხვადასხვა პროექტები.

"თურქი ბიზნესმენების ინტერესი არის ის, რომ კარგად გაეცნონ არსებულ სიტუაციას და ამ სიტუაციაში მონახონ თავისი ადგილი, თუ როგორ შეიძლება მათ მონაწილეობა მიიღონ პროექტებში. ეს აქტივობები ძალიან საინტერესოა, როგორც ქართული, ასევე თურქული კომპანიებისთვის", - აღნიშნა მელაძემ.

ბიზნეს ფორუმს 60-მდე კომპანიის წარმომადგენლი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდა.