კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება გაიზარდა და 24.8 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 607.6 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 24.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 190.7 მლნ ლარით (1.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 416.9 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2018 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.8 პროცენტით მეტი).

2018 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 207.4 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 13.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.02 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით),“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.