საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ოქტომბრისათვის 21.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 347.3 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების 252.4 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით) ზრდას, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 94.9 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით) გაიზარდა.

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 37.56 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.60 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.1 პროცენტი შეადგინა,“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.