შალვა ფიფია: ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით, წელს საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების მიზნით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შალვა ფიფიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო რთველის სწორად დაგეგმვა, რათა ის წარმატებულად ჩატარდეს.

"ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით, წელს მოლოდინი საკმაოდ კარგი გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. წელს, მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება წითელ ყურძენზე მოთხოვნას, სავარაუდოდ, ის 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოსავალი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ არსებული სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, რთველი კარგად ჩატარდეს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2013 წლის რთველის მსგავსად, მიმდინარე წელსაც გამოყოფილი იქნება საკრედიტო რესურსი და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი სესხებით. წინასწარი ინფორმაციით, სუბსიდირების სისტემაც შენარჩუნებული იქნება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რთველის საკოორდინაციო შტაბი კვლავ გურჯაანის რაიონში განთავსდება.

"რთველის შტაბი 20 აგვისტოდან ოფიციალურად გაიხსნება და ნებისმიერ საკითხზე უფრო ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. ყველა საწარმოში იქნება ჩვენი ოპერატორი და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა კომპიტერული პროგრამით განხორცილდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.