საკრედიტო დაბანდების მოცულობამ პირველი ივნისისთვის 10.8 მლრდ ლარს გადააჭარბა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით, ანუ 54.7 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 10.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 47.3 მლნ ლარით (1.1 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 7.4 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 1.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით, ანუ 4.6 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.2 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.5 პროცენტით, ანუ 62.2 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 44.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.1 პროცენტით ანუ 27.5 მლნ ლარით შემცირდა და პირველი ივნისისათვის 2.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.1 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი ივნისისათვის 918.2 მლნ ლარით განისაზღვრა (0.9 პროცენტით ანუ 8.3 მლნ ლარით ნაკლები პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით); 8.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 430.4 მლნ ლარია (0.2 პროცენტით, ანუ 1.0 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 69.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის მაისის განმავლობაში 2.1 პროცენტით, ანუ 103.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 5.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.