მედიის მფლობელი ბიზნესმენი ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რაც არ გაუვა - ყველა გადაიხდის იმას რაც კანონით ეკუთვნის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც ხდება ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ არის სამწუხარო.
„იმ ადამიანისთვის და იმ ჯგუფისთვის ვინც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას ცდილობს, სამწუხაროა ტელევიზიის დახურვა. ის, რომ ტელევიზია დაიხურა და ჟურნალისტებს არ უხდიან ხელფასს, არის მძიმე. სათაურის ქვეშ უცხოელმა შესაძლოა არაფერი წაიკითხოს და მხოლოდ წაიკითხოს: ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რაღაც და დაიხურა ტელევიზია. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ერთმნიშვნელოვნად და აზიანებს ჩვენს ქვეყანას შიგნით თუ გარეთ. თუ გავარჩევთ ამ შემთხვევას, ვნახავთ, რომ პირიქით ხდება. ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა მთლიანად მედია ჰქონოდა მონოპოლიზირებული და მთელ ბიზნესს აშანტაჟებდა. ეს მაგალითი პირიქით მიანიშნებს, მედიის მფლობელი ბიზნესმენი ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რაც არ გაუვა. ყველა გადაიხდის იმას, რაც კანონით ეკუთვნის. 11-ჯერ გაუგრძელეს და გაუკეთეს რესტუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაცია როდესაც კეთდება, აუცილებელია, რომ ვისაც დავალიანება აქვს მან დაიწყოს გადახდის პროცესი. მოიქცეს ისე როგორც ეკადრება კანონს. მუდმივი დაპირება იყო, რომ დავალიანება შემცირდებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, დავალიანება იზრდებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.