„არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ასე ერთ დღეში გაუქმება“

„აქციზი სიგარეტსა და ღვინოზე გაძვირდა და მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მისი ერთ-ერთი უთანხმოება გიორგი კვირიკაშვილთან სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებას უკავშირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, მოგების გადასახადის გაუქმების გამო, რათა ბიუჯეტში თანხა კვლავ შესულიყო, გაიზარდა აქციზური გადასახადები თამბაქოსა და ღვინოზე, რამაც ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა გააღარიბა.

„Unicef კვლევაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, თუ რატომ გაღარიბდა ხალხი, ეწერა, რომ სიგარეტზე გაიზარდა აქციზები. წინდაუხედავობა, რაზეც შიდა კამათი მქონდა კვირიკაშვილთან, სწორედ ეს გახდა, რომ არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ასე ერთ დღეში გაუქმება. აქციზი სიგარეტსა და ღვინოზე გაძვირდა და მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა“, - ამბობს ივანიშვილი.

ცნობისათვის, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ძალაში 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამ მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში იბეგრება. ესტონური მოდელი ამოქმედების შემდეგ, საბიუჯეტო შემოსავლების დასაკომპენსირებლად, მთავრობამ აქციზური გადასახადი გაზარდა ალკოჰოლზე, თამბაქოსა და საწვავზე.