კარტოფილისა და გარჩეული ბროწეულის შემდეგ, ბაზარზე ახლა უკვე დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ორი სახეობის ბულგარული წიწაკაც გამოჩნდა.როგორც მწარმოებელი კომპანია „უჯაფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროდუქტი ადგილზე წარმოებულია და მისი ღირებულება 3 ლარამდეა.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, „უჯაფომ“დაჭრილი ნიორი და კიდევ რამდენიმე სახეობის ხილ-ბოსტნეულიც აწარმოოს.
რაც შეეხება პროდუქტების მასას, შეფუთული ხახვი - 350 გრამია, ჭარხალი - 500, სტაფილო - 400, ხოლო ბულგარული წიწაკა 350 გრამიანია.
კომპანია „უჯაფო“, ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც გაუყინავ პროდუქტს ასეთი ფორმით უშვებს. საწარმო დაახლოებით ერთი წლის წინ ამუშავდა და პირველად დაჭრილი, შეფუთული ახალციხის კარტოფილი გამოუშვა.
შემდეგი იყო გარჩეული ბროწეული, რომელიც ფრეშის 170-190 გრამიანი ჭიქებით იყიდება და მისი საფასო ღირებულება 5 ლარამდეა. თუმცა, დაჭრილი კარტოფილისგან განსხვავებით, ბროწეული თურქეთიდან და ირანიდანაა იმპორტირებული.
„ახლა დავამატეთ ხახვი, სტაფილო, ჭარხალი და ბულგარული წიწაკის 2 სახეობა, რომელიც ადგილზე წარმოებულია. პროდუქტი დაჭრილი და შეფუთულია იგივე პრინციპით, როგორც კარტოფილი. მისი ღირებულება 3 ლარამდეა. კარტოფილისა და ბროწეულის მსგავსად, ახალი პროდუქტებიც დიდ, ქსელურ მარკეტებშია ხელმისაწვდომი. არჩევანი კონკრეტულად ამ პროდუქტებზე შევაჩერეთ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება და მოთხოვნა იყო. ჩავატარეთ გამოკითხვა, რომ გაგვეგო, რომელი უფრო მოთხოვნადი პროდუქტი იყო და შედეგების მიხედვით შევარჩიეთ ბოსტნეული“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.
მისი თქმით, კომპანიას სამომავლოდ ბევრი გეგმები აქვს, თუმცა ჯერ ახალი პროდუქციის გასაღების ტენდენციას დააკვირდებიან და მომხმარებლებს სიახლეებს ამის შემდეგ შესთავაზებენ.
„სავარაუდოდ, დავამატებთ ნიორს და ასევე სხვა სახეობის ხილ-ბოსნეულს. თუმცა, ჯერ შევხედავთ როგორ იმუშავებს ეს პროდუქტები და ამის მიხედვით გადავწყვეტთ“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. საწარმოში ამ დროისთვის 5 ადამიანია დასაქმებული.