ბლუმბერგის ანალიტიკოს მაიკ მაკგლოუნის ვარაუდით, ბიტკოინის კურსის რყევების შენელება ერთი რამის მაუწყებელია - ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ფსკერს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს, რომ ამას აღმასვლა მოჰყვება.
ამ თვეში ბიტკოინის ფასი მხოლოდ ერთ დღეს შეიცვალა 5 ან მეტი პროცენტით. შედარებისთვის, მსგავსი რყევა ვალუტას იანვარსა და თებერვალში 9-9-ჯერ ჰქონდა. მაკგლოუნის თქმით, მცირე რყევები იმის ნიშანია, რომ ბაზარზე თითქმის აღარ არის სპეკულატიური გარიგებები და დაწყებულია ფსკერის ძებნის პროცესი. „მაღალი რყევების გამო, ციფრული ვალუტების უმეტესობა მხოლოდ სპეკულაციებისთვის გამოიყენებოდა“, - ამბობს მაკგლოუნი.
მსგავსი მოსაზრება აქვს ინვესტიციების მმართველი კომპანია „ატლანტიკ ფანდ მენეჯმენტის“ ლონდონის ოფისის მულტი აქტივების ხელმძღვანელ ჩარლი მორისს: „ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ბაზარი დამშვიდდა და დაბალანსებულია. ეს კი მიგვანიშნებს, რომ მის მიმართ სპეკულაციური ინტერესი დაბალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დათვური (დაღმავალი) ბაზარი უკვე 10 თვეა, რაც გრძელდება და გადაიღალა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემდეგი სვლა, ხარისებრი (აღმავალი) იქნება“.
ბიტკოინის ფასი წელს 50 პროცენტზე მეტით შემცირდა. თუ გასული წლის ბოლოს ის 20 000 დოლარამდე ღირდა, ამჟამად 6 400 დოლარის სიახლოვესაა. ამასთან, ბოლო სამი თვეა, 7 000 დოლარზე ვერ ასულა და სამჯერ იმყოფებოდა 6 000 დოლარის დაბლა.
„ბიტკოინის ბაზარი ამჟამად შედარებით მშვიდია. კლებამ ემოციური ტრეიდერების ინტერესი გაანელა და საქმიდან მათი გასვლით, ბაზარს რყევები მოაკლდა“, - ამბობს ციფრულ ტრანზაქციებზე ორიენტირებულ აპლიკაცია „პლუტუსის“ მთავარი აღმასრულებელი დანიალ დეიჩოპანი.