შვედი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შვედეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ვაჭრობის მინისტრ ევა ბიორლინგთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს. მინისტრებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და მის ნაწილზე - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ორგანიზაცია "Business Sweden"-ის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაში წამყვანი შვედური კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა „ABB“, “Volvo Constraction Equipment”, “AF Group”, “SWECO”, “Xylem”, “Tech Management”, ისაუბრეს მათი მხრიდან საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მსხვილმა შვედურმა კორპორაციებმა, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში არიან ცნობილნი მომსახურებისა და წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით, გამოთქვეს საქართველოთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყლის გაწმენდითი სისტემები, სამშენებლო სექტორი, აგრეთვე განახლებადი ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება.

შვედური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, გახსნან წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოში და განახორციელონ ბიზნესი რეგიონულ დონეზე.