ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა იწურება. საუბარია, მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებზე.
ის მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულნი არიან შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრირონ. აღნიშნული ვალდებულება კომპანიებს 1-ელ ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ვადა შესაძლოა 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდეს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული კატეგორიის 23 248 სუბიექტის საქმიანობაა რეგისტრირებული.
კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, დაჯარიმდებიან. რაც შეეხება სანქციის ოდენობას, ჯარიმა - 1000 ლარს შეადგენს. იმ კომპანიათა რიცხვი კი, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, დაახლოებით 50 ათასამდეა.
რაც შეეხება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ჩამონათვალს, სია მთავრობის 27 ივლისის დადგენილებით არის გაწერილი.
მათ შორისაა: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; ხიდებისა და გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები; შენობების დაშლასა და აწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები; ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები; საბათქაშე სამუშაოები; სადურგლო და სახუროო სამუშაოები; სამღებრო სამუშაოები; გადახურვის სამუშაოები; ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; კერამიკული საფარებისა და ფილების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; თიხისგან სამშენებლო მასალების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ა.შ.
(სრულად სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე: მომეტებული საფრთხის შემცველი,
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
)