ტენდერებში ქართული კომპანიები უცხოურს კონკურენციას ვერ უწევენ და ამის მიზეზი უცხოური კომპანიების მიერ წლების განმავლობაში მასშტაბურ პროექტებში მიღებული გამოცდილებაა, რომლის შესაძლებლობაც ადგილობრივ კომპანიებს არ აქვთ.
მიუხედავად ამისა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამუშაოებს უცხოური კომპანიები ადგილობრივზე უკეთესად ასრულებენ. მეტიც, ანა საბახტარაშვილის თქმით, თუკი ქართულ კომპანიებს გამოცდილებისა და კადრების სიმცირე აქვთ, ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც უცხოური კომპანიებს საკუთარი არაკვალიფიციური კადრებიც კი ჩამოჰყავთ, დარღვევები აქვთ ვადებშიც, შესაბამისად, „ქვეყანაში არც ფული რჩება და არც გამოცდილება“.
სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა ინიციატივა, რომ ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათები დაწესებულიყო, თუმცა, საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მთავრობისგან მოდიოდა, შეჩერდა და ამის კონკრეტული მიზეზები უცნობია.
„სახელმწიფო შესყიდვებში ტოპ შესყიდვები ხორციელდება სამშენებლო სამუშაოების კუთხით. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტულ საქონელზე, რადგან ამის გარდა ჩვენ ვაწარმოებთ სერვისის მიწოდებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რეზიდენტი კომპანიების წარმოჩენით ხორციელდებოდეს. ეს რა ფორმით განხორციელდება, ამის ძალიან ბევრი მაგალითია, რომელიც აპრობირებულია უცხოეთშიც და არამარტო ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან დაბალია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ არ გვინდა სწორება გვქონდეს მაგალითად, ჩინეთზე, უმჯობესია ევროპული, განვითარებული ქვეყნის მაგალითი ავიღოთ, თუმცა იგივე ჩინეთშიც არსებობს სუბსიდიები ადგილობივი კომპანიებისთვის და სწორედ ამიტომაც არიან მათი კომპანიები ასე მარტივად ოპერირებადი. მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ ჩინეთის მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, დღეს შეიძლება ესეთი საჭიროება კონკრეტულ პროდუქტზე მაგალითად, საფრანგეთს არ ჰქონდეს, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი პროდუქტი იყო მხადრაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან“,-განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.
მისი თქმით, საკითხი ძალიან მარტივად დგას, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს ნების გამოხატვა - უნდა თუ არა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჰყავდეს განვითარებული ბიზნესი.
„შესაძლოა, ეს მართლაც დროებითი მხადაჭერა იყოს ბიზნესისთვის, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პრეფერენცია, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება თანაბარი შესაძლებლობების მიცემა. მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეს როგორ შეიძლება თანაბარ პირობებში იყოს ქართული და თუნდაც ჩინური კომპანია, მაშინ, როდესაც ადგილობრივისგან განსხვავებით, უცხოურ კომპანიებს წლების განმავლობაში გაცილებით დიდი მასშტაბის და კატეგორიის პროექტებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ეს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასშტაბების პროპექტები ჩვენთან არ განხორციელებულა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანაბრობაზე, აქ მხოლოდ ფორმა კი არ არის, შინაარსში უნდა ჩავიდეთ და დავინახავთ, რომ ეს არ არის პრეფერენცია, ეს არის თანაბრობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორის ინფორმაციით, ვერცერთი სპეციალისტი ვერ დაასაბუთებს, რომ უცხოური კომპანიების მიერ (რაც უნდა დიდი ისტორიის, ბრუნვის, თუ გამოცდილების მქონე კომპანია იყოს), შესრულებული სამუშაოები ქართული კომპანიების მიერ შესრულებულს ჯობია.
„პირიქით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს რეალობაში გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც უცხოური კომპანიების მიერ აღებული პროექტები, ვადებში, ხარისხსში და თუნდაც, საპროექტო გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს. მაგალითად, ინფრასრუქტურული პროექტის ხარისხის კონტროლისას, სადაც პრიორიტეტი ვადებია, ხშირ შემთხვევაში, ვერ ასრულებენ. როგორც წესი, ამის კონტროლის ბერკეტიც არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იქნებოდა ქართული კომპანიის შემთხვევაში. იმიტომ, რომ თუნდაც იგივე საბანკო გარანტიები მთელ რიგ ქეისებში წარმოდგენილია არასანდო ბანკებისგან. არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყნებს, თუმცა გვქონია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს გამოუთხოვია საბანკო გარანტიები და ანაზღაურებაც კი არ მიუღია. აქ საუბარია არა მხოლოდ ვადებზე, არამედ, თუნდაც მუშახელზე და დარგობრივ სპეციალისტებზე, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში.
თუ ჩვენ მხოლოდ ბიზნესზე ვისაუბრებთ, რომელიც უნდა ვითარდებოდეს, ეს იქნება არაობიქტური, რადგან ამ ბიზნესის უკან დგანან დასაქმებული ადამიანები და ქვეყნის მომავალი. შესაბამისად, თუ ჩვენ დღეს არ ჩავდეთ ინვესტიცია ამ ადამინების გადამზადებაში, ყოველთვის გვექნება პრობლემა, რომ უცხოეთიდან ჩამოსაყვანი გვყავს სპეციალისტები. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, მთელ საქართველოში არ გვყავს სპეციალსტი, რომელიც იქნება გვირაბების კვალიფიციური, სერთიფიცირებული ამფეთქებელი. მაშინ, როდესაც ამ სამუშოს შესრულება გვიწევს, ჩამოგვყავს ადამიანები უცხოეთიდან, ვუხდით თანხას, რომელიც გადის უცხოეთში და საბოლო ჯამში, აქ არც ცოდნა რჩება და არც თანხა. ძალიან ბევრ კომპანიას საკუთარი არაკვალიფიციური მუშა ხელიც კი ჩამოჰყავს, იგივე ჩინეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება მზაობას, თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ მოთხოვნებზე, რომელიც თუნდაც დონორების მიერ გამოცხადებულ პროექტებშია, რა თქმა უნდა, ბრუნვის და გამოცდილების კუთხით, ფორმალურად ამას ქართული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ქართულ კომპანიებს პრეფერენცია არ მიეცა არც რამდენიმე წლის წინ და არც დღეს“,-განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.