დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედება ეკონომიკურ ზრდას 1%-ზე მეტად შეამცირებს.თუმცა, დეპუტატის აზრით, რეგულაციები ამ ეტაპზე აუცილებელი და საჭირო იყო.
„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ 1%-ზე მეტად შემცირდება. ეს მხოლოდ რეგულაციების ბრალი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი რეგულაციებს შეიძლება დაბრალდეს. ვფიქრობ, მეზობელ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურების გამო, რეგიონში შექმნილი მდგომარეობაც იქონიებს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რომან კაკულიამ.
მისი თქმით, რეგულაციები, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, მკაცრია, თუმცა აუცილებელი.
„მე თავიდანვე ვუჭერდი მხარს ამ რეგულაციებს, რადგან ვიცი ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ეკონომიკაში, არ ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, სადაც ყველა მხარე დარჩება მოგებული. შენ უნდა გადაწყვიტო, რა არის პრიორიტეტი. ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, რომ პრიორიტეტი იყო ადამიანების ის მასა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო თავი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო, ჩემთვის მისაღებია მათი მხარდაჭერისთვის მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოში ძალიან ძნელია მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზეგავლენას არ მოახდენს სხვა სფეროებზე. განვადებები და გაყიდვები, რა თქმა უნდა, შემცირდება რაც ბრუნვას შეამცირებს, თუმცა ეს გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან მალე მივალთ იმ დრომდე, როდესაც მსგავსი რეგულაციები აღარ იქნება საჭირო, მაგრამ დღეს ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდება. მათ შორის იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე გავრცელდება, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან.
ქრისტინე გამთენაძე