პროექტის “სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს (BSOs) აძლიერებს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ახალი დარგობრივი ასოციაცია: საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია, ველური სოკოების შემგროვებელთა და მწარმოებელთა ასოციაცია, დაფნის ექსპორტიორთა ასოციაცია და საქართველოს მებოცვრეთა ასოციაცია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერმა ქეთევან გოგოჭურმა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებულია როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური დახმარება. ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ ტრენინგი, როგორც DCFTA-ს და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში, ისე ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. თითოეულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 39 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგენს. მთლიანობაში, მცირე გრანტით ისარგებლა 14-მა ორგანიზაციამ. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დაფინანსების გამოყენება შეუძლიათ ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რათა ხელი შეუწყონ DCFTA-ს და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ მცირე და საშუალო მეწარმეები და წვლილი შეიტანონ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში”, - აღნიშნა ქეთევან გოგოჭურმა.
დაფინანსებული პროექტები მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებს შორის DCFTA-ს რეგულაციების, თანამედროვე წარმოების სტანდარტებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე ცოდნის დონის გაუმჯობესებას, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ბაზრებზე წვდომის გაზრდასა და DCFTA რეგულაციებზე ადვოკატირების, ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაციების უმრავლესობა დამწყები ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს. ქეთევან გოგოჭურის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტექნიკური და ფინანსური დახმარების საშუალებით მათ შესაძლებლობა აქვთ გააფართოვონ ორგანიზაციის სამუშაო არეალი და ფერმერებსა და მეწარმეებს შესთავაზონ ახალი სერვისები; გაზარდონ ორგანიზაციის ცნობადობა როგორც რეგიონის დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით.
„პროექტის ფარგლებში, იგეგმება DCFTA თემატიკასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება და მათი ადვოკატირება როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ამასთან ერთად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელებენ ადვოკატირებისა და კომუნიკაციის კამპანიებს მათი ორგანიზაციების საქმიანობიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე. ეს საშუალებას მისცემს მათ ორგანიზაციის კიდევ უფრო განვითარებას და ახალი კავშირების დამყარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან“, - განაცხადა ქეთევან გოგოჭურმა.
“სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ პროექტის შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში ჩამოყალიბდებიან მძლავრი BSO-ები, რომლებიც დაეხმარებიან მცირე და საშუალო მეწარმეებს DCFTA-თან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე გატანაში. ასევე, გაუმჯობესდება კოორდინაცია და თანამშრომლობა BSO-ებს, SME-ებს, ბიზნესებს, სხვა ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შორის.
პროექტს ახორციელებს ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი (სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ათინათი (ATINATI)) კონსორციუმი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით. პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება.