„საქართველოს რკინიგზის უპასუხისმგებლო ქმედების გამო გადამზიდავებსა და რკინიგზას სოლიდური ფინანსური ზიანი ადგება“

გადამზიდავი კომპანიები, საქართველოს რკინიგზას, საქმიანობის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ.

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების გადამზიდავ კომპანიებს ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ, საქართველოს რკინიგზა მათ არ აძლევთ ტვირთების გადაზიდვის უფლებას, ამით კი სერიოზული ფინანსური ზიანი ადგებათ როგორც გადამზიდავებს, ისე რკინიგზას. როგორც ურუშაძე აცხადებს, „საქართველოს რკინიგზის უპასუხისმგებლო ქმედების გამო გადამზიდავებსა და რკინიგზას სოლიდური ფინანსური ზიანი ადგება“.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რას ემსახურება სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის ასეთი ქმედება მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება.

ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის “დევიდ ენდ ქომპანის”  დამფუძნებელი დავით დოლიძე, რომელმაც ტვირთების გადაზიდვის უფლება საქართველოს რკინიგზისგან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, ამბობს, რომ მოგვიანებით, რკინიგზამ გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო შეცვალა. ხოლო, ყველა ის წერილობითი განაცხადი, რომელიც კომპანიამ უწყებას თვეების განმავლობაში გაუგზავნა, სრულად იგნორირებულია.

რკინიგზასთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემები აქვს “ქროსლაინ ლოგისთიქსაც”. კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ კორუფციულ გარიგებებშია ჩართული და 2 კომპანიას მფარველობს, რომელთა უკანაც ბიზნესმენი თემურ იაკობაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე დგანან.