ხის სახერხ საამქროებს რეგისტრაციის ხელახლა გავლა მოუწევთ

სახერხი საამქროს ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილება შევიდა. ამის შესახებ მთავრობის 8 ოქტომბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ხის საამქროები, რომლებსაც რეგისტრაცია 2019 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ გავლილი, ვალდებულნი იქნებიან მომავალი წლის 4 აგვისტომდე საამქროები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

ამასთან, დადგენილების თანახმად, სახერხ საამქროებს ვალდებულება ექნებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა წარადგინონ.

ამასთან, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, რეგლამენტით გათვალისწინებული ზოგიერთი მოთხოვნის მოქმედება 2019 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერდება. მათ შორის, არ იქნება სავალდებულო რომ სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში; სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალის აირწინაღებით, პერსონალური ხმაურდამცავი საშუალებებით აღიჭურვონ; სახერხ საამქროში ვიდეომონიტორინგის სისტემა იყოს დამონტაჟებული და ა.შ.