საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
კითხვაზე, თუ როდის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები, სებ-ში ვერ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედდებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ძველი პროექტით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან. თუმცა, როგორც გაირკვა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1-ლი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება.