"მაგნატი 2006"-ის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

”მერაბიშვილისგან სიტყვა მომივიდა: მე არაფერ შუაში ვარ, კეზერამ და ადეიშვილმა მოაწყვეს და "მოუგვარეს" ყველაფერიო”

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "მაგნატი 2006"-ის სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ განსახილველად წარმოებაში არ მიიღო. როგორც მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განმარტა, საქმის განხილვა იქიდან გამომდინარე ვერ მოხდება, რომ შპს "მაგნატი 2006" სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლილია და ის მხარედ ვერ ჩაითვლება. როგორც "მაგნატის" ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, მოსარჩელე მხარე იმ 8 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც შპს-ს გაკოტრების პროცესში არ გაითვალისწინეს.

"ჩვენი სარჩელი იყო მიმართული აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ. ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, აღსრულების ბიურომ არ მოიძია დაახლოებით 8 მილიონი ლარის ქონება და ისე დაამთავრეს "მაგნატის" გაკოტრება. სახელისუფლებო დაკვეთამ როგორც ჩანს, მოაღწია მოსამართლის კაბინეტამდე და პირდაპირ უთხრეს, რომ დაემთავრებინათ ეს საქმე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსამართლის წერილი საჯარო რეესტრისადმი, რის შედეგადაც ამოშალეს მეწარმეთა რეესტრიდან. ეს 8 მილიონი პირველ რიგში, კრედიტორების დაკმაყოფილებისთვის განისაზღვრებოდა და ის უნდა დააბრუნონ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, "თიბისი ბანკმა" და "გალფმა", რომლებმაც საბოლოო ჯამში, მიისაკუთრეს "მაგნატი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ჯემალ ლეონიძე (კომპანია "მაგნატის" მფლობელი): "კეზერაშვილმა ყველაფერი ადეიშვილის ხელით გააკეთა. იუსტიციის სამინისტრო იყო პროკურატურაც, აღსრულების ბიუროცა და აუქციონებიც. ციხეში რომ ვიჯექი, მერაბიშვილისგან სიტყვა მომივიდა: მე არაფერ შუაში ვარ, კეზერამ და ადეიშვილმა მოაწყვეს და "მოუგვარეს" ყველაფერიო. "მოგვარებაში" თუ მონაწილეობდნენ მასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები წართმეული ბიზნესების გაყოფაში განზე გადგებოდნენ? მგონია, რომ ყველა დიდ ბიზნესში "ნაცბანდის" წევრები ერთად იყვნენ.

ნავთობპროდუქტების ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ვარ. 1990 წლის ოქტომბერში შემოვიტანე საწვავის პირველი პარტია, კომპანია "მაგნატი" კი ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა. 1999 წლიდან მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდი. 2006 წლამდე "მაგნატს" ათიოდე ავტოგასამართი სადგური ჰქონდა. მოწილეებთან შევთანხმდი, ყველა გავისტუმრე და 2006 წლის მარტში კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გავხდი. ერთ წელიწადში, 2007 წლის მარტამდე კი მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთე ბიზნესში და ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 33-მდე გავზარდე. 2008 წლის მარტში უკვე 47 ავტოგასამართი სადგური და ორი ნავთობბაზა მქონდა.

რა თქმა უნდა, ბიზნესი ბანკების თანადგომით გავაფართოვე, საერთო ჯამში, სესხის სახით $16 მილიონი მქონდა აღებული. აქედან $8 მილიონი "თიბისის" იყო, $5 მილიონი "ვითიბის" და $3 მილიონი - "რესპუბლიკისა". კომპანია ვითარდებოდა, სესხებსაც ვუმკლავდებოდით და ყველა ვალდებულებას ვისტუმრებდით. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, საფინანსო ინსტიტუტებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ბანკებმა კომპანიებისგან სესხების ნაწილობრივ დაბრუნება მოითხოვეს. რა თქმა უნდა, აქ არ იყო საუბარი გრძელვადიან სესხებზე, არამედ ე.წ. სამუშაო თანხებზე - მოკლევადიან სესხებზე, ოვერდრაფტებსა და სხვა. საერთო ჯამში იძულებული გავხდით, მხოლოდ "თიბისი" ბანკისთვის დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი დაგვებრუნებინა და ფაქტობრივად, საბრუნავი თანხის გარეშე დავრჩით.

2008 წლის დეკემბერში "თიბისი" ბანკმა კომპანიის 25%-იან წილში შემოსვლა შემოგვთავაზა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით. ან რატომ უნდა ვყოფილიყავი წინააღმდეგი, როცა ამხელა ფინანსური ინსტიტუტი შემოდიოდა, საბრუნავ თანხასაც მოგვცემდა და რებრენდინგისთვისაც. მოლაპარაკება და წილების გადაფორმება 2009 წლის 12 აგვისტომდე გაგრძელდა. 2009 წლის 13 აგვისტოს ნავთობბაზის ნასყიდობის ხელშეკრულებას რომ მოვაწერე ხელი, იმავე საღამოს დამაკავეს. შემდეგ მე გალიაში მოვხვდი, ჩემი ქონება კი - "გალფის" საკუთრებაში.

- ბანკი ხომ წილის 25%-ში შეიყვანეთ და მთელი ქონება როგორ გასხვისდა?

- ჩემი კომპანიის მართვა გადაცემული მქონდა "თიბისის" მენეჯმენტისთვის. წილში მისი შემოსვლის შემდეგ ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ "მაგნატის" სამართალმემკვიდრე, კომპანია "ნსკ" (ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია), სადაც დირექტორი მე და ბანკმა ერთად დავნიშნეთ. ამ კომპანიამ ვერ იმუშავა. ისეთი ვითარება შეუქმნეს, რომ ვერც შიგნით, ბაზარზე იღებდა საწვავს და ვერც იმპორტს ახორციელებდა. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ბანკისგან ეს ბიზნესი "გალფმა" შეიძინა.

2010 წლიდან მაქვს შეტანილი საჩივარი პროკურატურაში. გამოძიებამ დაადგინოს, რატომ გახდა "თიბისი" იძულებული, შეეწყვიტა საქმიანობა "ნსკ"-ში და გაეყიდა ქონება. რატომ გაასხვისა ქონება საბაზროზე უფრო დაბალ ფასად? როგორც ვიცი, "გალფმა" ბანკს $13 მილიონი გადაუხადა, მაშინ როცა "მაგნატის" ქონების საბაზრო ღირებულება, სულ მცირე, $30 მილიონი იყო, ბიზნესთან ერთად კი დაახლოებით $50 მილიონი. მხოლოდ "მაგნატის" ქონება კი არ წაიღო "გალფმა", არამედ ბიზნესიც. ოპერატორები, მძღოლები, ბუღლატრებიც კი წაიყვანა. ავტომობილებსა და სხვა მოძრავ ქონებაზე აღარაფერს ვამბობ.

- თქვენი დაკავების მიზეზი რა გახდა?

- იმ მიწის უკანონო რეგისტრაცია, რომელზეც ახლა ვსაქმიანობ. ეს ის არის, რაც "მაგნატისგან" დარჩა: სახანძრო ავტომობილი, ვაგონი და მიწა. ამ ბრალდებისთვის მოსამართლემ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ციხეში 3 წელი და 5 თვე გავატარე და როგორც პოლიტპატიმარი, ამნისტიით გამოვედი. მიმაჩნია, რომ ახლაც პოლიტპატიმარი ვარ, სანამ ქონება არ დამიბრუნდება. რისთვისაც მომანიჭეს ეს სტატუსი, ჯერ იმ საქმეში გამართლებული არ ვარ. მე ვეუბნები ახალ ხელისუფლებას: თუ არ მეკუთვნოდა ეს სტატუსი, მომიხსენით, და თუ მეკუთვნოდა, რისთვისაც მომანიჭეთ, ის აღასრულეთ. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ გაწევრებას. მეწარმე ვარ, რომლის ბიზნესსაც სოლიდური შენატანები შეჰქონდა ბიუჯეტში.

დღეს ვხედავ, რომ ჩემი ქონება "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", ანუ "გალფის" საკუთრებაა. ამ კომპანიის დამფუძნებელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დავით კეზერაშვილია.

კეზერაშვილმა კი თურმე ეს ქონება დავით იაკობაშვილს მიჰყიდა. რომ აცხადებს "გალფი", "თიბისისგან" "მაგნატის" გირაოში ჩადებული ქონება 26 მილიონ ლარად ვიყიდეო, იმას რატომ არ ამბობენ, რა ფასად შეიძინა იაკობაშვილმა ქონება კეზერაშვილისგან? იაკობაშვილი ამბობს: მე იმხელა თანხა მაქვს გადახდილი ამ ქონებებში, ვის რა პრეტენზია აქვსო. წილი რომ იყიდა "გალფში" მსოფლიო დონის ბიზნესმენმა კეზერაშვილისგან, არ აინტერესებდა, ამის უკან რა იდგა?”