ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 702 ნებართვა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლები) 4536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში. კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული. კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთისა და 11,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 453,5 ათასი კვ.მ ფართობის 1 830 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 15,9 პროცენტით ჩამორჩება.