ახალი საბანკო რეგულაციები სავარაუდოდ, 15 ნოემბრამდე ამოქმედდება

გასული კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით.ეროვნული ბანკის ცნობით, დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება.

"კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისათვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან. პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა",- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.