„საქართველოში ავეჯის წარმოების დიდი პოტენციალია - გვჯერა, რომ საქართველო გახდება ავეჯის მსხვილი ექსპორტიორი“

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ავეჯის მწარმოებელი 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.მათ შორის, ზოგიერთი უკვე საქმიანობს საქართველოში და სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ექსპორტზე პროდუქციის გატანასაც გეგმავს.

შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით ჩატარდა, ქობულიამ მათ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო, აგრეთვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ავეჯის მწარმოებელთა და ზოგადად აღნიშნული ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა უკვე ახორციელებს ან სამომავლოდ აპირებს მიიღოს აღნიშნული სექტორის განვითარების მიზნით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის მოწვევით, 12-15 ნოემბერს საქართველოში მსხვილი თურქული კომპანიების, მათ შორის, ავეჯის მწარმოებლების წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-შესაძლებლობებს.

„თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობა 1,4 აშშ დოლარს უტოლდება, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე გაიზარდოს. გარდა იმისა, რომ მეზობლები ვართ, ჩვენს მოსახლეობას შორისაც მეგობრული დამოკიდებულებაა, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებას. მინდა ვუთხრა თურქ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია არა მხოლოდ ვაჭრობის კუთხით, არამედ ინვესტირების თვალსაზრისითაც. დღეს ჩვენ ვისმენთ იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით და ეს ძალიან გვახარებს,“-აღნიშნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაიქმა.

„ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის ხის მასალას თურქეთში. ჩვენ ასევე გვაქვს ქარხანა ბათუმში. საქართველოში 10 წელია ვმუშაობთ. ჩვენ გვჯერა საქართველოს შესაძლებლობების, მივესალმებით ქვეყანაში არსებულ ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ავეჯის წარმოების დიდი პოტენციალია. ის, რაც დღეს მოვისმინეთ, უაღრესად საინტერესოა და აუცილებელია ამ კონცეფციის ხორცშესხმისთვის ბევრი ვიმუშაოთ როგორც თურქეთში, ისე - საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ავეჯის მსხვილი ექსპორტიორი,“- განაცხადა კომპანია „სტარვუდის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჰუსეინ ილდიზმა.