IDFI საჯარო დაწესებულებების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მიერ ინტელექტუალური საკუთრების დამცავი დოკუმენტების გაცემით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 836 400 ლარი.

ცენტრში გასულ წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულია 3 327 400 ლარის ხარჯი. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საშტატო ნუსხით ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა განსაზღვრულია 104 ერთეულით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან - "საქსტატიდან" მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2012 წლიდან შეინიშნება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო 149 თანამშრომელი, ხოლო 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 211 თანამშრომელი. "საქსტატში" მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 900 ლარს, ხოლო მინიმალური - 600 ლარს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მსგავსად, საქართველოს ეროვნულ ბანკშიც 2012 წლიდან შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დაწესებულებაში 2012 წლის 6 თებერვლის საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო 308 თანამშრომელი, ხოლო 2014 წლის მარტისთვის მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით ეროვნულ ბანკს 342 თანამშრომელი ჰყავს.

2014 წლის მარტის თვის მონაცემებით ბანკის ბალანსზე სხვადასხვა წელს შეძენილი 31 სატრანსპორტო საშუალება ირიცხება, რომელთა შესყიდვის ფასი შეადგენს ჯამში 1 765 435 ლარს, მათი ნარჩენი ღირებულება კი 624 598 ლარია. გასულ წელს ბანკმა 49 857 ლარად შეფასებული ”აუდი A6” მარკის ავტომობილი 67 383 ლარის ღირებულების ”ტოიოტათი” ჩაანაცვლა. ამასთან, ეროვნულ ბანკში 2013 წელს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებისთვის გაიცა 148 797 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის - 144 101 ლარი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6 185 განცხადება შევიდა. აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი 4 613 განცხადება, დაუშვებლად - 1 024, მართლმსაჯულების დეპარტამენტს გადაეცა 1 839 განცხადება, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს - 2 041, ბავშვთა ცენტრს - 125, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს - 116 განცხადება, გენდერულ თანასწორობათა დეპარტამენტს - 102, ხოლო რეგიონალურ სამმართველოს - 390.

IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ 10 ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე 8 937 ლარი დაიხარჯა, მის "როუმინგულ" მომსახურებაზე კი 11 808 ლარი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გასულ წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 17 391 ლარი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის განმავლობაში გადაუდებელი აუცილებლობით 28 შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც ჯამში 86 797 ლარი დაიხარჯა. ბიუროში გასულ წელს "როუმინგულ" მომსახურებაზე დახარჯულ იქნა 3 560 ლარი, ხოლო თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულმა ხარჯმა 35 774 ლარი შეადგინა.