შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთთან „დიდ შეთანხმებას“ ელის, თუმცა იქვე დაამატა, რომ მზად აქვს მილიარდობით დოლარის ახალი ტარიფები იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება.
„ვფიქრობ, ჩინეთთან დიდი შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია და ეს შესანიშნავი იქნება“, - „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევა სურს, თუმცა ჩინეთი ამისთვის მზად არ არის.
ორშაბათს „ბლუმბერგმა“ დაწერა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ჯერაც დაუბეგრავად დარჩენილ ჩინურ პროდუქციაზე დეკემბრის დასაწყისში გაზარდოს ტარიფები, თუ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენს შორის მორიგი შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდება. ეს შეხვედრა G20-ის ბუენოს აირესის (არგენტინა) სამიტზეა მოსალოდნელი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ყველა დონეზე მუდმივი კომუნიკაცია არსებობს, მათ შორის, ტრამპის ბუენოს აირესში შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები არ ისურვებს ჩინეთთან ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას, მაშინ ჩინეთი მაინც გააგრძელებს თავის რეფორმებს და განვითარებას.
შეერთებულმა შტატებმა უკვე 250 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე გაზარდა ტარიფები, რაზეც ჩინეთმა 110 მილიარდის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდით უპასუხა. ტრამპი ამბობს, რომ მარაგში 267 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის სია მზად აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს.