ენერგოომბუდსმენმა GWP-ის შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს - როდის განიხილავს სემეკი ბინის გამქირავებლებისთვის წყლის ტარიფის საკითხს

მოქალაქეები, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან.

მიზეზი წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად კომერციული ტარიფით დარიცხვა და დაკისრებული ჯარიმებია. მოქალაქეების ინტერესს სემეკში ენერგოომბუდსმენი იცავს. სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი მოქალაქეებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, კომპანიის წინააღმდეგ დავა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება.

საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში უკვე ორი ზეპირი მოსმენა გაიმართა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, მარეგულირებლის გადაწყვეტილება 1-ელ ნოემბერს გახდება ცნობილი.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა GWP-ის წინააღმდეგ საჩივრით. გამოიკვეთა ასეთი სურათი, რომ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს აქირავებენ Booking.com-ის ან Airbnb-ის საშუალებით, GWP წყლის გადასახადის გადახდას სთხოვს სამეწარმეო ტარიფით. კომპანიამ მიიჩნია, რომ ეს მოქალაქეები ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და აქედან გამომდინარე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.“- აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, GWP-ის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

„მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ ფართებს საცხოვრებელი მიზნით აქირავებენ, არ არიან მეწარმეები. აქ არ ხორციელდება ორგანიზებული საქმიანობა, არ ხდება გამოქვითვები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ აქვს თუ არა საქმიანობას ეკონომიკური ხასიათი. შესაბამისად, ვთვლით, რომ ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირები და რაც მთავარია, მათ მიერ საკუთარი ერთი ან ორი ოთახის ტურისტებზე გაქირავებით იგივე რჩება წყლის მოხმარების დანიშნულება. როდესაც პირი საცხოვრებელ ფართს აქირავებს ისევ საცხოვრებელი მიზნით, ფაქტია, რომ წყლის მოხმარების მიზანი არ იცვლება. გაქირავებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე, მაგრამ შინაარსი და დანიშნულება იდენტურია. ამასთან, ეს ადამიანები არ იბეგრებიან რაიმე სხვა ტიპის სამეწარმეო გადასახადით და კანონი მათ მიმართ ლოიალურია, სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ტურისტების მომსახურების განვითარებას“-აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

ვარდიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი მოქალაქეებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, კომპანიის წინააღმდეგ დავა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება.

GWP-ში ენერგოომბუდსმენის შენიშვნებს არ ეთანხმებიან. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბროსას კომპანიის კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, ყველა იმ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, რომელიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებს, შესაბამისი გადასახადი უნდა გადაიხადოს.

„ენერგოომბუდსმენის შენიშვნები სამართლებრივად არ არის სწორი, რადგან როცა საცხოვრებელი ქირავდება ტურისტებზე დღიურად, ზუსტად იგივე ტიპის მოხმარებაა როგორც სასტუმროში. Booking.com-ით ან Airbnb-ით ბინების ყოველდღიურ გაქირავებასა და ბინის ხანგრძლივად ფიზიკურ პირზე გაქირავებას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება და გეტყვით რატომ? როდესაც Booking-ზე და Airbnb-ზე აქირავებს ადამიანი ბინას, ეს არის ტიპური სასტუმროს ტიპის გაქირავება, რადგან დროებითი მომსახურება ახალი სტუმრის ხდება ისე, რომ ის არც დენის, არც წყლის, არც ბუნებრივი აირის გადასახადს არ იხდის და იმ საფასურში, რომელსაც იხდის 1, 2 ან 3 დღით ქირაობისათვის, შედის ყველა ზემოთ აღნიშნული მომსახურება. მათ შორის ხშირ შემთხვევაში დალაგებაც. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბინა არის გაქირავებული ხანგრძილვი ვადით და ფიზიკური პირის მიერ ხდება წყლის მოხმარებაც და გადასახადის გადახდაც,“-აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

მისივე განცხადებით, ეს არ არის რაიმე ახალი რეგულაცია და კომპანიის მხრიდან ამ ტიპის შემოწმებები მანამდეც ხორციელდებოდა.

„არაფერი ახალი არ ხდება. უბრალოდ გაქირავებული ბინების სიმრავლემ გამოიწვია ის, რომ გაიზარდა აბონენტების რაოდენობა, რომლებიც კომერციული ტარიფით დარიცხვის წინააღმდეგი არიან. ჩვენი პოზიცია არის, რომ ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას, უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო მომხმარებლად GWP-ში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომში არ მოხდეს მათი დაჯარიმება კანონის ფარგლებში.“-აცხადებს GWP-ის კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის (მოსახლე) შეადგენს:

1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 3.892 ლარი 1 სულზე.

2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.329 ლარი 1მ3-ზე

მომსახურების ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:

სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი შეადგენს 4.400 ლარს 1მ3-ზე

ქრისტინე გამთენაძე