საფოსტო კომპანიებმა შარშან 72.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 64 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 82,8 პროცენტი ქალაქ თბილისშია, ხოლო 9,4 პროცენტი - აჭარის, 3,1 პროცენტი - იმერეთის, 3,1 პროცენტი - ქვემო ქართლის და 1,6 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონებშია განთავსებული.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2017 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 174 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,7 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 906 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 72,7 მლნ ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 79,0 პროცენტს შეადგენს, ხოლო 21,0 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 44,4 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების კატეგორიას წარმოადგენს, რომლის 84,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 15,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 26,6 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 47,2 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებია, ხოლო 52,8 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილები.
საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2017 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6222,7 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 1912,0 ათასი ამანათი.