აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის, თინათინ ზოიძის თქმით, ოქტომბერი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაცია-განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებებით იყო დატვირთული.
როგორც თინათინ ზოიძე აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა“ და სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია იყო, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
თინათინ ზოიძის შეფასებით, აღნიშნულ კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მონაწილეობდა 150-მდე დელეგატი, მათ შორის 6 ქვეყნიდან (გერმანია, ესტონეთი, ლიტვა, ავსტრია, თურქეთი, უკრაინა), 30 მოწვეული დელეგატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 40 მონაწილე უშუალოდ მთიანი აჭარიდან, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებების წარმომადგენლები.
თინათინ ზოიძის თქმით, მთიან აჭარაში სოფლის ტურიზმისა და საოჯახო სასტუმროების განვითარების მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა და სამომავლო გეგმებიც დაისახა. აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორს დეტალურად ესაუბრა:
- ტურიზმის ფესტივალისა და სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენციის გარდა, რა ღონისძიებები ჩატარდა სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით?
- რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, რომელსაც შემოდგომაზე ვატარებთ, ერთ-ერთი გახლავთ სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგნა“, რომელიც წელს ასევე მასშტაბური და წარმატებული იყო. სოფლის ტურიზმის ფესტივალის მიზანია, აჭარული სოფლის, ეკო ტურიზმის, მთის ტურიზმის პოპულარიზაცია და ფესტივალის სტუმრებისათვის მთიან აჭარაში არსებული ტურისტული პოტენციალის გაცნობა. ფესტივალზე უხვადაა წარმოდგენილი მთიანი აჭარის ნობათი და პროდუქცია, ტრადიციები, კულტურა და ფოლკლორი, რომელიც უნიკალურია აჭარის რეგიონში. ფესტივალი საშუალებას აძლევს ადგილობრივებს, ტურისტებს, ქალაქის სტუმრებს იმოგზაურონ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად, გაეცნონ აჭარის მთების პოტენციალს, მიიღონ ინფორმაცია არსებული მარშრუტების შესახებ და აჭარის მთებში უფრო ხშირად სამოგზაუროდ წახალისდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება, რასაც შემოდგომაზე ვატარებთ, გახლავთ „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი“. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
- რა პოტენციალი გააჩნია მთიან აჭარას სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით და რა სამუშაოებს ასრულებთ თქვენ მისი განვითარება-პოპულარიზაციის მიმართულებით?
- ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გუნდი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად აქტიურად მუშაობს სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე. რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, გამრავალფეროვნებას და მარშრუტებზე დამატებითი ტურისტული სერვისების დანერგვა - განვითარებას. საინფორმაციო დაფების, ნიშნულების, ველოსადგომების დამონტაჟებას. ასევე მარშრუტების რუკების შექმნას და ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებას, თემატური ღონისძიებების ორგანიზებას, მარშრუტების უშუალოდ დაკავშირებას საოჯახო სახლებთან, მათ წახალისებას, ტრენინგებს, რეკომენდაციებს და სხვა.
მთიან აჭარას მდიდარი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ გამოვყოფ 15 მარშრუტს, რომელიც მარკირებულია, რომელზეც განთავსებულია ტურისტული მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები და მომზადებულია მარშრუტის რუკები.
ვცდილობთ, ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა მარშრუტს ჰქონდეს გამორჩეული და დამახასიათებელი ელემენტი, რისთვისაც ის ვიზიტორმა უნდა დაათვალიეროს. მაგალითად, მაჭახელას თოფის გზა ერთ- ერთი გამორჩეული და პოპულარული მარშრუტია. ხეობას აქვს უნიკალაური ტურისტული პროდუქტი და თოფის ისტორია. ძირითადი მარშრუტიც მორგებულია თოფის ისტორიაზე და გაივლის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მუზემს, თოფის მწარმობელი გვარების შთამომავლების სახლებს და ა.შ. თუ ვიზიტორს სათავგადასავლო და ჯიპ ტურები აინტერესებს, რეკომენდებულია იმოგზაუროს ჩირუხის მთაში, ხიხახის ციხეზე, კინტრიშში და მწვანე ტბაზე, თუ მისი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაცნობაა შეუძლია ნახოს სოფლები, მათ შორის გობრონეთი, მერისი, კორომხეთი, ვაიო, ქედლები, ნიგაზეული, ხიხაძირი და სხვა.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ცვლილებები განახორციელა, როგორია საოჯახო-სასტუმრო სახლების მზაობა ტურისტების მისაღებად?
- აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა. სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ტურიზმის სფეროში ჩართვა. საგრძნობლად იზრდება საოჯახო სასტუმრო სახლების და სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიმწოდებლების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, მთიან აჭარას 98%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია, ვიდრე 2016 წელს. გაზრდილია ასევე საოჯახო სასტუმრო სახლების რაოდენობაც, თუ 3 წლის წინ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე 30 საოჯახო საოჯახო სასტუმრო რეგისტრირდებოდა, დღეს მათი რიცხვი 200-ზე მეტია.
- როგორც ვიცით, მთიან აჭარაში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაიწყეთ თანამშრომლობა. რა ტიპის პროექტების განხორციელება იგეგმება და რა პოზიტიური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს?
- ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურიზმის დეპარტამეტთან და სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან ერთად მუშაობს არაერთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს მთიან აჭარაში გასხვავებული ტურისტული პროდუქტების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ახალ ისეთ ტურისტულ მიმართულებებზე მუშაობა, როგორციაა სოფ. ყოროლისთავი, ჭვანის ხეობა და ჩირუხის ხეობა.