თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 ნოემბერს დაიწყება და 12 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 ათასი ლარია.
„საპროექტო ობიექტი მდებარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. მოედანზე განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწისქვეშ. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს. საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან/და სხვა კვლევა, რათა აცილებული იქნას თავიდან წყლის ჩაჟონვებით ნაგებობის დაზიანება.
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო ტერიტორიაზე სრულყოფილი საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი სამუშაოების (ჰიდროიზოლაციის, ან/და სანიაღვრე, ან/და სადრენაჟე ქსელის, ან/და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობის) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.