11 ქვეყნისგან შემდგარი „ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 30 დეკემბერს ამოქმედდება.
ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა ტოსომიცუ მოტეგიმ განაცხადა, რომელიც ამ რეგიონალურ ზონაში თავისუფალი ვაჭრობის საკითხს კურირებს.
„ავსტრალიამ გვამცნო, რომ დაასრულა რატიფიკაციის პროცედურები, შედეგად ის უკვე დაამტკიცა 6-მა ქვეყანამ, შეთანხმება ძალაში შევა 30 დეკემბერს“ - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ტიპის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა მსოფლიო ვაჭრობაში იზრდება პროტექციონიზმი, ეს კი იქნება მძლავრი გზავნილი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისა ოცდამეერთე საუკუნის სტილში.
პროცედურის თანახმად, 6 ქვეყნის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ უნდა გავიდეს 60 დღე მისი ამოქმედებისთვის.
ამ მომენტისთვის დოკუმენტის რატიფიცირება უკვე მოახდინეს - იაპონიამ, სინგაპურმა, ავსტრალიამ, მექსიკამ, ახალმა ზელანდიამ და კანადამ. მათ მალე შეუერთდება ვიეტნამი.
კოკა კვირკველია