Apple-მა ახალი MacBook , MacBook Air და iPad Pro წარადგინა

ნიუ-იორკში მსოფლიო ტექნოლოგიურმა გიგანტმა მის სამოდელო ხაზში არსებული ლეპტოპებისა და პლანშეტების ახალი ვერსიები წარადგინა.

კომპანიამ სრულიად ახალი MacBook-ები და წინა პანელზე სრულ სიგრძეზე ეკრანად გადაჭიმული iPad წარადგინა.

ლეპტოპი Retina-ს დისპლეით

„მომხმარებლებს უყვართ Mac-ი, ისინი მათ ყოველთვის თან დაატარებენ და იყენებენ ყველაფერში, ეს არის MacBook Air“ - ამის შესახებ პრეზენტაციაზე Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა.

„დრო მოვიდა ახალი MacBook Air-ისთვის, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს იმ სფეროებში, რომელიც მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ყველას სურს იხილოს MacBook Air-ში დისპლეი Retina", - განაცხადა მან.

ახალმა MacBook Air მიიღო 13,3 დიუიმიანი ეკრანი Retina, მერვე თაობის პროცესორი Intel Core i5 და 16 გბ ოპერაციული მეხსიერება. მოწყობილობა აღჭურვილია თითის ანაბეჭდის ამომცნობი ფუნქციით, რომელიც ლეპტოპის განბლოკვაში დაგეხმარებათ, ასევე ორმაგი USB-C პორტით, ჩიპით T2 მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ელემენტები გათვლილია 13 საათზე, მოწყობილობა წინა მოდელთან შედარებით 10%-ით თხელია, მისი წონა კი 1,25 კგ-ია.

პლანშეტის ორი ვერსია

გუშინდელ პრეზენტაციაზე ტიმ კუკმა მონაცემებიც მოიყვანა, რომლის მიხედვით Apple-მა წარმოებიდან დღემდე უკვე გაყიდა 400 მილიონი iPad. „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ iPadPro-ს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ სიახლე კიდევ უფრო აფართოვებს პლანშეტის შესაძლებლობებს.

პლანშეტი iPad Pro პროცესორით A12X Bionic ორი ვერსიით გამოვა: 11- და 12,9- დიუმიანი ეკრანებით. მისი ზომის გაზრდა კი „ home” ღილაკის გაქრობის შედეგად მოხერხდა. ორივე მოდელმა მიიღო 12-მეგაპიქსელიანი კამერა და სახის ამომცნობი სენსორი. მოწყობილობის განბლოკვისთვის გამოიყენება ტექნოლოგია Face ID, დამუხტვისთვის ინტეგრირებულია ახალი USB Type-C აქამდე არსებული Lightning-ის ნაცვლად. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სიახლე 90%-ით მძლავრია ბაზარზე არსებულ სხვა მოწყობილობებთან შედარებით.

ახალი iPad Pro-ს სისქე 5,9 მმ-ია. კომპანიამ ასევე წარმოადგინა მეორე თაობის  Apple Pencil, რომელიც მაგრდება iPad Pro-ზე და მისგან იტენება. ორივე ვარიანტი ხელმისაწვდომია 64 გბ, 256 გბ, 512 გბ და 1 ტბ მეხსიერებით.

ახალი Mac Mini

პრეზენტაციაზე ასევე წარადგინეს ახალი Mac Mini . როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის წინა მოდელთან შედარებით ბევრად სწრაფია. მოდელს გააჩნია 4 და 6-ბირთვიანი პროცესორები და 64 გბ მეხსიერება, ასევე ჩიპები T2. „ეს Mac Mini არის ნამდვილი მხეცი “ - განაცხადა მისმა შემქმნელმა ტომ ბოუგერმა.

MacBook Air, Mac Mini და iPadPro ამერიკაში უკვე დღეიდან არის ხელმისაწვდომი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მთელ პროდუქციაში გამოყენებული პლასტიკი და ალუმინი მიღებულია მეორადი გადამუშავების შედეგად.

MacBook Air-ის მინიმალური ფასი 1 199 დოლარია, Mac Mini და iPad Pro - კი 799 დოლარი ღირს.

კოკა კვირკველია