ლარმა დოლართან მიმართებით 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა, რაც წლის რეკორდული კურსია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. შესაბამისად, 10 აგვისტოდან დღემდე, ეროვნული ვალუტა 25 თეთრით არის გაუფასურებული.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.