პრემიების გაცემის წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომას დღეს წარედგინება

საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა.

მათი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას დღეს წარედგინება.

ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე.

"ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის ერთგვარი შეზღუდვა, რომელიც უკრძალავს ხელმძღვანელ პირს საკუთარ თავს გამოუწეროს პრემია. ამიერიდან ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ სრულიად მანკიერი წესით ბიუჯეტის ფულის ხარჯვას",- განაცხადა კობახიძემ.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1-ელი ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.