კომერციული ბანკები სახელმწიფო ბანკს უფრთხიან

”ყველაფერი უნდა დაიხვეწოს ისე, რომ განვითარების ბანკმა სესხები კომერციული ბანკების მეშვეობით არ გასცეს”

კომერციული ბანკები ”საქართველოს განვითარების ბანკს” კონკურენტად მიიჩნევენ. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვინაიდან კომერციული ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე არ ზრუნავენ, ისინი ინარჩუნებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და სესხების გაცემისას კონსერვატიულ მიდგომას, ამიტომ დადგა სახელმწიფო ბანკის შექმნის აუცილებლობაც.

”თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის აზრით, საქართველოს განვითარების ბანკი არ უნდა გაკეთდეს, ვინაიდან განვითარების ბანკი ცუდი მესიჯი იქნება საერთაშორისო კერძო ინვესტორებისთვის. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ალტერნატივის სახით საჭიროა შეიქმნას საფინანსო ინსტიტუტი.

”არ უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო ბანკი, იმიტომ რომ, ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი საერთაშორისო კერძო ინვესტორებისათვის. საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულია კერძო საფინანსო სექტორი. სიტყვა ”სახელმწიფო ბანკი” ჩემი აზრით, წარსულ დროში გვაბრუნებს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული ხედვა აქვთ ევრობანკისა და ”პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნებისმიერი ფორმით სტიმულირებას მიესალმებიან და განვითარების ბანკის შექმნით ეფექტს ელიან. ”ნებისმიერი ინსტრუმენტი, რაც ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, შედეგიანი იქნება”, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის საფინანსო ინსტიტუტი თანამედროვე მსოფლიოში უფრო მეტად ფონდების ტიპის სტრუქტურას შეესაბამება, ვიდრე ბანკს. ასეთი ფონდების ფუნქციობა დაკავშირებულია სხვადასხვა რისკთან. ერთია, რომ შეზღუდული მონიტორინგის პირობებში, რაოდენობრივად ბევრი და მოცულობით მცირე სესხების გაცემისას მაღალია კორუფციული გარიგებების ალბათობაც. გარდა ამისა, მომავალი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ინიშნება ხელისუფლების მიერ. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ გაცემული თანხები ემსახურებოდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას და სახელმწიფო სახსრებით ისეთი ბიზნესების დაფინანსებას, რაც მისაღებია მოქმედი პოლიტიკური გუნდისა და არა გლობალურად ეკონომიკისათვის.

”საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაფერი გადადის კერძო საკუთრებაში. ფინანსური შუამავლობა გაცილებით ეფექტურად მუშაობს კერძო სექტორში, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. განვითარების ბანკის შექმნა, რაიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავალი არ იქნება, არც ის მგონია, რომ მან გავლენა მოახდინოს მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე.

ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯიც კია. მას თან ახლავს რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი, ჯერ ერთი, სახელმწიფო ბანკს ეფექტურად ვერ მართავს. საერთოდ, სახელმწიფო ბანკის დანიშნულება ჩემთვის გაუგებარია”, - ამბობს საბანკო ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ბანკი, რომელიც საბაზრო თამაშის წესებს არ აჰყვება, გაკოტრების წინაშე დადგება. ამასთანავე, სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკების კონკურენტი ვერ გახდება და ვერც საპროცენტო განაკვეთების დაწევას შეძლებს.

”კომერციული ბანკები დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს აბრუნებენ. წარმოგიდგენიათ, რა თანხა უნდა ჰქონდეს რომ სახელმწიფო ბანკმა გავლენა მოახდინოს საპროცენტო განაკვეთებზე. თუ ხელოვნური ჩარევა მოხდება, მაშინ ბევრი პროექტი იქნება მაღალრისკიანი, გაუმართლებელი. ეს იქნება ჩინოვნიკური ბანკი, ამიტომ არის საკმაოდ რისკიანი”, - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

განსხვავებული ხედვა აქვს საბანკო ექსპერტს ლია ელიავას, მისი აზრით, განვითარების ბანკი აქამდეც უნდა შექმნილიყო. ”განვითარების ბანკი აუცილებლად უნდა შეიქმნას, ეს აუცილებლობა დიდი ხანია დადგა. მისი შექმნა დაგვიანებულიც კი არის. ეს იქნება ბანკი რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესებს გაატარებს, რომელიც კომერციულ ბანკებს საერთოდ არ აინტერესებს. იგი არ იქნება კერძო ფინანსური ინსტიტუტების კონკურენტი, ვინაიდან მოქმედებს სხვადასხვა სფეროში”, - ამბობს ელიავა.

მაგალითად, კომერციული ბანკები აქცენტს აკეთებენ ვაჭრობის დაფინანსებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საბანკო ფინანსური რესურსი, ფაქტობრივად, მიუწვდომელია საქმიანობის - მაღალი სპაროცენტო განაკვეთებისა და ბანკების მიერ არჩეული კონსერვატიული პოლიტიკის გამო. ”საკანონმდებლო ბაზა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ განვითარების ბანკმა სესხები კომერციული ბანკების მეშვეობით არ გასცეს. სახელმწიფოსთვის კერძო ბიზნესის ინტერესები მაღლა უნდა იდგეს”, - ამბობს ელიავა.

პროექტის მიხედვით, საპარტნიორო ფონდი, ასევე სხვა ფონდები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროების ქვეშაა გაბნეული, უნდა გაერთიანდეს და მათ ბაზაზე შეიქმნას ერთიანი, უფრო ეფექტურად მართული საფინანსო ინსტიტუტი. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება.

განვითარების ბანკი უფლებამოსილი იქნება კომრეციული ბანკის მეშვეობით გასცეს სესხები, გარანტიები, გამოუშვას ობლიგაციები. თუმცა, ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების განხორციელება.

განვითარების ბანკი პროექტებში მონაწილეობას მიიღებს როგორც კაპიტალში მონაწილეობით, ისე პროექტების დაკრედიტებით. ბანკს საშუალება ექნება დააფინანსოს როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე პროექტები. გარდა ამისა, შეეძლება, თავის მფლობელობაში არსებული აქტივების გამოყენებით, მოიზიდოს ფინანსური რესურსები მათი შემდგომი ინვესტირების მიზნით.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”